შაბათი, ივლისი 18, 2026

ტრამპმა მსოფლიოს ქვეყნებს ტარიფები დაუწესა, მათ შორის საქართველოს – 10%-იანი ტარიფი


ტრამპმა მსოფლიოს ქვეყნებს ტარიფები დაუწესა, მათ შორის საქართველოს – 10%-იანი ტარიფი

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2 აპრილს წარადგინა თავისი ადმინისტრაციის ახალი სატარიფო პოლიტიკა - ის აწესებს აშშ-ში უცხო სახელმწიფოებიდან იმპორტზე სულ მცირე 10%-იანი ტარიფებს, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში სატარიფო განაკვეთი 50%-საც კი აღწევს. თეთრი სახლის გამოქვეყნებული სიის თანახმად, დონალდ ტრამპმა 10%-იანი ტარიფი დაუწესა საქართველოსაც. თუკი ტარიფები ძალაში შევა, საქართველოს შემთხვევაში, იგი ძირითადად საქართველოს სამთო მოპოვებით ინდუსტრიას შეეხება. სწორედ ფეროშენადნობებია საქართველოს ძირითადი საექსპორტო საქონელი შეერთებულ შტატებში. თეთრი სახლი 2 აპრილის გადაწყვეტილებას უწოდებს „საპასუხო ტარიფებს“ და მიუთითებს, რომ 10% არის ტარიფი, რაც საქართველოს აქვს აშშ-ისთვის დაწესებული. იქვე უთითებს, რომ „აშშ-ისთვის დაწესებული ტარიფები“ მოიცავს „სავალუტო მანიპულაციებსა და სავაჭრო ბარიერებს“. 10%-იანი ტარიფი მინიმალური, საბაზინო განაკვეთია. 10%-იანი ტარიფი, საქართველოს გარდა დაუწესდა უკრაინას, თურქეთს, აზერბაიჯანს, სომხეთს და სხვა არაერთ ქვეყანას. მოლდოვას დაუწესდა 31%-იანი ტარიფი. ჩინეთს - 34%, ვიეტნამს - 46%, შრი-ლანკას - 44%, კამბოჯას 49% და ა.შ.. საქართველოსა და აშშ-ს შორის 2024 წელს სავაჭრო ბრუნვამ $2.21 მილიარდი შეადგინა. აქედან აშშ-დან საქართველოში იმპორტი $2.08 მილიარდი იყო, საქართველოდან აშშ-ში ექსპორტი - მხოლოდ $141 მილიონი. ამერიკიდან საქართველოში შემოტანილი ყველაზე მსხვილი პროდუქცია მსუბუქი ავტომობილებია, ხოლო საქართველოდან აშშ-ში გატანილი - ფეროშენადნობები. 2024 წელს საქართველომ $90 მილიონის ღირებულების ფეროშენადნობები გაიტანა აშშ-ში. აშშ საქართველოსათვის სავაჭრო პარტნიორებში, 2024 წლის მონაცემებით, მესამე ადგილზეა, საექსპორტო პარტნიორებში კი მე-9 ადგილზე. ზოგადად, ტარიფები უცხოური პროდუქციის ამერიკელ იმპორტიორებს უძვირებს ხარჯებს, რაც შესაძლოა ამერიკელმა მომხმარებლებმა იგრძნონ; თუკი ამერიკელი მომხმარებლის მხრიდან მოთხოვნა შემცირდება, უცხო ქვეყნებიდან ექსპორტიორებმა შეიძლება შემოსავლები დაკარგონ/შეუმცირდეთ. აშშ-სთვის საქართველო იმპორტის თვალსაზრისით უმნიშვნელო ქვეყანაა. ფეროშენადნობები, - რაც საქართველოდან გატანილი ძირითადი პროდუქტია, - აშშ-ს ძირითადად სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან, ბრაზილიიდან და ყაზახეთიდან შეაქვს. იმ სახელმწიფოებს, რომლებთანაც შეერთებულ შტატებს შედარებით მაღლი სავაჭრო დეფიციტი აქვს, შედარებით მაღალი ტარიფები უწესდებათ. ამასთან, დონალდ ტრამპი აწესებს 25%-იან ტარიფებს აშშ-ის ფარგლებს გარეთ წარმოებულ ავტომობილებზე, წარმოების ქვეყნების განურჩევლად ვაშინგტონის ახლადდაანონსებული პოლიტიკა წარმოადგენს დრამატულ ცვლილებას გლობალურ ვაჭრობასა და ეკონომიკურ პოლიტიკაში. პრეზიდენტი ტრამპის მიზანია, რომ აღადგინოს აშშ-ის, როგორც მწარმოებელი ქვეყნის შესაძლებლობები და შეამციროს სავაჭრო დეფიციტი. ჯერ კიდევ გეგმის გამოცხადებამდე, მექსიკა, კანადა, იაპონია, ევროკავშირი და სამხრეთ კორეა აშშ-ს საპასუხო ტარიფების შესახებ აფრთხილებდნენ. დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებამ რყევები გამოიწვია საფონდო ბირჟებზე. წყარო: რადიო თავისუფლება



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია