- ივნისი 08, 2026
„ტიტუ! ქართველები ყოფილხართ, თქვენ შემოგევლეთ!“
- აგვისტო 20, 2023
- , პოლიტიკა
ალბათ გახსოვთ თავის დროზე გახმაურებული მუსიკალური კინოფილმი „ორერა“ სრული სვლით“. სურათზე მუშაობის დროს ქართველმა მუსიკოსებმა გემით მთელი მსოფლიო შემოიარეს. წყნარი ოკეანის ერთ-ერთ პატარა კუნძულზე ქართველებს სასიამოვნო სიურპრიზი ელოდათ. ამ ამბავს ბატონი გენო ნადირაშვილი მოგვიყვება. „გაშლილ ოკეანეში მივცურავთ – „ორერა“ სრული სვლით“. სამი კვირის თავზე ვიღაც დალოცვილმა იყვირა: „ზემლია!” – კუნძულზე არავინ გადავა! – მკაცრად გაგვაფრთხილა გემის კაპიტანმა გოგიტიძემ. ცდუნება დიდია. როცა შებინდდა, რობერტ ბარძიმაშვილს გავენდე: – მოდი, მენავე მოვქრთამოთ! – დვა ბუტილკა ჩაჩა! – შევთავაზე ჩვენს რუს მენავეს. – ნეტ! ოპასნო, ბრატცი! – გვრეხვა უარი. – ტაგდა – კანიაკ! – ნეტ, ნეტ! – გაასავსავა ხელები, – კაპიტან ნაკაჟეტ! – ჩეტირე ბუტილკა „ხვანჭკარა“, – გავპარჭყე ოთხი თითი. – ტოლკა ჩეტირე ჩასა, – დაგვანახვა ოთხი თითი, – ოთხ საათში მოგაკითხავთო. კუნძული. კაფე „ოტელ ტაიტი.“ ხორხოცი, ჟრიამული, ცეკვა-თამაში, ფოიერვერკები, აზელილი ევროპა-აზია-ამერიკა... ორგიაა გაქანებული. ჩუმად გადანახული დოლარები გვიჭყავის ჯიბეში. მკვირცხლმა ოფიციანტმა ცარიელი მაგიდა გაგვიჩალიჩა. დავსხედით. რობერტმა ჩამწერი აპარატურა მოიმარჯვა (რუსო ტურისტო!). – დვა ბუტილკა ვისკი ი ზაკუსკა! – ვაჯახე შეკვეთა განგსტერულად. ოფიციანტი რუსულში ისე რა ერკვეოდა: – ხომ არ მომეჩვენა და ორი სირჩა ხომ არ ბრძანეთ? – დვა ბუტილკა-თქვა! – შევუბღვირე. გიჟია ესო, იფიქრა და გავარდა. მალე ჩვენი სუფრა ორმა ბოთლმა ვისკიმ და შემწვარ-მოხრაკულმა კიბო-ხოჭო-ლოკოკინებმა „დაამშვენა“. ამასობაში მსუქან-მსუქანი მეორე ოფიციანტი მოგვიახლოვდა და სუფთა ქართულით გვეუბნება: – რაშია საქმე, ბიჭებო? ქართველები ხართ? ამის გარდა ამ გადაჯუნგლებულ კუნძულზე ყველაფერს ველოდი და დავიბენი. – კაცო, ჯერ არ დამილევია და უკვე მაგრად ვარ... ვინ ხარ, ბოშო, შენ? – ტიტუ! ქართველები ყოფილხართ, თქვენ შემოგევლეთ! – გადაირია გურული ტაიტელი. თურმე, დედა ალჟირელი ჰყოლია, მამა – გურული ღლონტი და, თვითონ სადაური იყო, თავად არ იცოდა. გადაგვეხვია, ჩაგვპროშნა... – ეს მატლები რა თქვენი საკადრისიაო, – მოხვია ხელი ყველაფერს და ორ წუთში ისეთი ღორის მწვადები მოაშიშხინა, გემო ახლაც მახსოვს. ამდენ ემოციას რას გავუძლებდი და მოვიყუდე ვისკი პირდაპირ ბოთლით, „ბორჯომივით“. შეწყდა ცეკვა-თამაში. დააცეცეს და დაშტიმეს თვალები. მოგვიახლოვდა ვიღაც შეზარხოშებული ფრანგი ბიჭი – ბონჟურო. – ბონჟურ, ბონჟურ! – ვისკი? – მიმითითა ბოთლზე. – ვისკი, – არ შევეპუე. – და, ასე სვამ ბოთლიდანო? – ჰო-მეთქი. – შენ თუ მაგას ბოლომდე დალევ, აგერ 500 დოლარიო, – დადო მაგიდაზე. მაგის ნახევარსაც დავჯერდებოდი, მაგრამ, იყოს ეგრე-მეთქი, – გავიფიქრე. მოვიმხე ბოთლი. ცოტა კი გამიჭირდა, მაგრამ... 500 დოლარი ჩავიდე ჯიბეში, რამაც ჩვენი დანახარჯიც აანაზღაურა და ბლომადაც დამრჩა. მერე ევროპულზე გადავედი და ყლუპ-ყლუპით ვსვამდი. თან, გმირი ვარ. ყველანაირი კანის ფერის მქონე გოგოები ჩემთან ცეკვავენ. ერთმა ზანგმა გოგომ ყურზეც მაკოცა (მეტზე არ მივუშვი – რა იცი, რა სჭირს?). ეს „აფრო-გურულიც“ ხომ გვერდიდან არ გვცილდება – სისხლი მაინც სისხლია და სულ დადნა სიყვარულში. ამასობაში (ასეთ დროს ხომ დრო თითებსშუა იპარება) ჩვენი მესაიდმულე ნავიც მოგვადგა – დროა, წამოდითო. წამოდით კაია, ვინ გვიშვებს? არის ერთი გამიშვი – არ წახვიდე! საქმეში ხარ?! როგორც კი შევცურდით წყალში, არ გამოგვყვა ორი დახუნძლული ნავი უკან?! – თქვენთან გვინდაო... ავიპარეთ ყველანი გემზე. შუაღამეა, ყველას სძინავს. ჩუმად შევიპარეთ გემის ბარში, ჩავრაზეთ შიგნიდან კარი და – წავიდა „დაგუდული გრიალი“. რიჟრაჟზე ჩაეწყვნენ თავიანთ ნავებში და დაგვემშვიდობნენ გულაჩუყებულები. დილით გოგიტიძემ თავის კაიუტაში დაგვიბარა. პახმელიაზე ვარ, თან – მთვრალი. – არ გეგონოთ, ვერაფერი გავიგე – გვტუქსავს მე და რობერტს, – მაგრამ, ასეთი ცენზის ბიჭები არ შეგარცხვინეთ და არ შეგიშალეთ ხელი. უნდა დამეჯარიმებინეთ, მაგრამ, გადავიფიქრე და პირიქით, მადლობას გიხდით. – მადლობას რაში გვიხდი, ბატონო? – მასხრობა გვგონია. – რაში და, რაც ბარში ნაყარ-ნუყარი იყო, ყველაფერი გაასაღეს თქვენმა სტუმრებმა. ბარმენი დოლარების თვლას ვერ აუდისო“. [simple-author-box]