- ივნისი 08, 2026
შსს-მ მარნეულში, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება არჩევნების გაყალბების მუხლით დაიწყო
- ოქტომბერი 26, 2024
- , პოლიტიკა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულში, 69-ე უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია შსს „ინტერპრესნიუსს“ დაუდასტურა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე 3 პრიმა მუხლით (არჩევნების გაყალბება) დაიწყო, რაც არჩევნებთან დაკავშირებული დოკუმენტების: საარჩევნო სიების, ოქმების, ბიულეტენების, სარეგისტრაციო ჟურნალების და საკონტროლო ფურცლების განზრახ გაყალბებას გულისხმობს და ვადით ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ცნობისთვის, სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები მარნეულის 69-ე უბნიდან, სადაც ჩანს, მამაკაცი, როგორ ყრის ბიულეტენებს საარჩევნო ყუთში. ამ დროისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მარნეულში 69-ე უბანზე კენჭისყრის პროცესი დროებით შეჩერებულია. როგორც ადმინისტრაციაში განმარტავენ, როგორ გაგრძელდება მარნეულში მოქალაქეებისთვის ხმის მიცემის პროცედურა, საოლქო საარჩევნო კომისია გადაწყვეტს.