შაბათი, ივლისი 18, 2026

საპროცედურო კომიტეტმა სამი ოპოზიციური პარტიის 49 წევრისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა


საპროცედურო კომიტეტმა სამი ოპოზიციური პარტიის 49 წევრისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა სამი ოპოზიციური პარტიის 49 წევრისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი განიხილა და მხარი დაუჭირა. კომიტეტმა შესაბამისი დასკვნა ბიუროს გადაუგზავნა, საბოლოო გადაწყვეტილებას კი პლენარულ სესიაზე მიიღებენ. „საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კონკრეტულმა პარტიებმა, რომლებმაც გადალახეს ბარიერი და ჰქონდათ სრული სამართლებრივი შესაძლებლობა, მიეღოთ მანდატი, შემობრძანებულიყვნენ პარლამენტში და საკუთარი უფლებამოსილება განეხორციელებინათ, როგორც პარლამენტის წევრებს, სხვადასხვა დროს დაწერეს განცხადება უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. ეს პარტიები გახლავთ „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო ხალხისთვის თავისუფლებისთვის“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. საპროცედურო კომიტეტმა, რეგლამენტის შესაბამისად, განახორციელა კონკრეტულ პირთა მიერ განცხადების შემოტანის და მასზე განხორციელებული ხელმოწერის ნამდვილობის დადასტურება, რომელიც მოხდა პარლამენტში, პარლამენტის თანამშრომლების თანდასწრებით. მოახდინა მოკვლევა და დაადგინა, რომ ყველა განცხადება არის ნამდვილი. შესაბამისად, ჩვენი დღის წესრიგია, ამ პირთათვის, რომელიც არის 49 პირი, უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება, ანუ დასკვნის მხარდაჭერა“, – განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა კომიტეტზე საკითხის განხილვამდე. შეგახსენებთ, პარტიებმა „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო ხალხისთვის თავისუფლებისთვის“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ განცხადებები დაწერეს და პარლამენტს მიმართეს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. „გახარია საქართველოსთვის“ პარტია პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს, თუმცა განცხადება ოფიციალურად არ დაუწერიათ და ამ მოთხოვნით პარლამენტისთვის არ მიუმართავთ.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია