- ივნისი 08, 2026
საჯარო რეესტრმა „ალტ-ინფოს“ ახალი პარტია დაურეგისტრირა
- აპრილი 23, 2025
- , პოლიტიკა
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ "ალტ-ინფოს" პარტია ახალი სახელით, "კონსერვატორები საქართველოსთვის" დაარეგისტრირა. განაცხადი პარტიის რეგისტრაციაზე რეესტრის ვებსაიტზე 27 თებერვალს გამოჩნდა, თუმცა ამ დრომდე არ კმაყოფილდებოდა. პირველი ხარვეზი რეესტრის თანამშრომელმა 27 მარტს აღმოაჩინა, მეორე კი - 8 აპრილს. მონაცემების განსაახლებლად პარტიას, „კონსერვატორები საქართველოსთვის“, 10-დღიანი ვადა ჰქონდა. „ვარეგისტრირებთ იმიტომ, რომ არ გვაქვს პარტია და ხალხის მოთხოვნაა და ჩვენი მხარდამჭერების, რომ პარტია იყოს და პარტიული საქმიანობა გავაგრძელოთ“, - უთხრა 28 თებერვალს რადიო თავისუფლებას „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა კონსტანტინე მორგოშიამ. „ალტ-ინფოს“ ჯგუფის ორგანიზებით თბილისში გაიმართა არაერთი აქცია, რომლებიც შემდეგ ძალადობაში გადაიზარდა. მათ შორის 2021 წლის 5 ივლისს, როცა „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით „ღირსების მარში“ უნდა გამართულიყო, „ალტ-ინფოს“ ლიდერებმა და სასულიერო პირებმა მოქალაქეებს ქუჩაში გასვლისკენ მოუწოდეს. იმ დღეს 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა. ძალადობის ორგანიზატორებიდან დღემდე არავინ დასჯილა. „ალტ-ინფოს“ პარტია („კონსერვატიული მოძრაობა“) გასულ წლებშიც ჰქონდა, თუმცა საჯარო რეესტრმა მას რეგისტრაცია 2024 წლის 8 აპრილს გაუუქმა. გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ანტიკორუფციული ბიუროს მოთხოვნა ამ პარტიის დოკუმენტების შესწავლის შესახებ. წყარო: რადიო თავისუფლება