შაბათი, ივლისი 18, 2026

როგორ მიმდინარეობს გრიპზე ვაქცინაციის პროცესი გურიაში


როგორ მიმდინარეობს გრიპზე ვაქცინაციის პროცესი გურიაში

ტემპერატურის კლებასთან ერთად სეზონური გრიპი აქტუალური ხდება. ზამთრის განმავლობაში ამა თუ იმ სიმძიმით მიმდინარე გაციება თითქმის ყველა ოჯახს სტუმრობს. საქართველოში გრიპის სეზონი ოქტომბრიდან თებერვლის ჩათვლით გრძელდება, შესაბამისად, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სექტემემბრის ბოლოს დაიწყო. _ამ დროისთვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით 2100 ადამიანია აცრილი,_ ამის შესახებ "გურია ნიუსს" ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს. "ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 2800 ვაქცინიდან 2100 ადამიანია აცრილი",_ ამბობენ ჯანდაცვის ცენტრში. რაც შეეხება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს, ჯანდაცვის ცენტრში გვეუბნებიან, რომ ჯერჯერობით შეტანილია 2100 გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა, ხოლო აცრილია 1693 პაციენტი. "2000 დოზა ვაქცინა იქნა ჩვენთან შემოტანილი და გამოყენებულია 1700-ზე მეტი, ოქტომბრის თვის ბოლოსთვის არსებული მონაცემებით, ახლა კიდევ მიმდინარეობს ვაქცინაცია. იმ აქციის ფარგლებში რაც დაიწყო 5 ნოემბერს და გრძელდება 15 ნოემბრამდე, შემოვიტანეთ კიდევ 300 ვაქცინა, რომ ყველა მსურველის აცრა შევლოთ, ვინც რისკჯგუფებში არ შედის",_ გვითხრეს ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში. ინფორმაციისთვის, ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, 15 ნოემბრამდე, ყველასათვის უფასოა. "ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრა, 6 თვის ასაკიდან, უფასოა. ნებისმიერი მსურველი, მომსახურებას, ვაქცინაციის პროცესში ჩართულ, 400-მდე სამედიცინო დაწესებულებაში მიიღებს. იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა, სანოფი პასტერის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრმა, ვაქცინაცია სექტემბრის ბოლოს დაიწყო. პირველ ეტაპზე, მომსახურება, დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვთ მქონე პირებმა მიიღეს. 15 ნოემბრამდე კი ვაქცინაცია ნებისმიერი მსურველისთვის უფასო იქნება",_ აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია