- ივნისი 08, 2026
ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავეს – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
- ოქტომბერი 06, 2022
- , პოლიტიკა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს და გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულების მიერ მითითებული ადგილებიდან, ასევე, მათი პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ე.ს. თბილისში დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, აგრეთვე, მის მიერ მითითებული სპეციალური სამალავებიდან, სარეალიზაციოდ გამზადებული 3 შეკვრა "კოკაინი" და 9 შეკვრად დაფასოებული "მარიხუანა" ნივთმტკიცებად ამოიღო. ვაკე-საბურთალოს და გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა ბრალდებულები - ს.ო. და ს.მ. სხვადასხვა დროს, თბილისში დააკავეს. ს.ო.-ს პირადი ჩხრეკისას, სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია 25 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ". გარდა ამისა, პოლიციამ, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, დაკავებულის მიერ სარეალიზაციოდ გამზადებული კიდევ 5 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება ამოიღო. ს.მ.-ის პირადი ჩხრეკის შედეგად კი, სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ნარკოტიკული საშუალება "სუბუტექსის" 49 აბი და აბის ნატეხები. რაც შეეხება მ.ქ.-ს, იგი სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას, პოლიციამ 100 აბი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინი“ ნივთმტკიცებად ამოიღო. დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების მცდელობის და მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, 19-260-ე მუხლის მე-5 ნაწილით და 273-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით.