შაბათი, ივლისი 18, 2026

გაუქმდა თუ არა ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველო


გაუქმდა თუ არა ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველო

განათლების სამინისტრომ რეორგანიზაციის ფარგლებში ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველო გააუქმა. ამის შესახებ ფსიქოლოგი, ადრეული განათლების და ინკლუზიური განათლების სპეციალისტი ცირა ბარქაია სოციალურ ქსელში წერს. „ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველო გაუქმდა. გუშინ გვიან ღამე ოფიციალურად შევიტყვეთ, რომ განათლების სამინისტროში გაუქმდა ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველო. ეს ე.წ. რეორგანიზაციის ნაწილია — რეალურად კი ძალაუფლების კონცენტრაციის, პასუხისმგებლობის გაქრობის და პროფესიონალების სისტემიდან განდევნის მექანიზმი. ცხადია, სამმართველოს გაუქმება არ ნიშნავს სისტემურ წარმატებას. ინკლუზია არ გაძლიერებულა ისე, რომ მის მხარდაჭერას აღარ სჭირდება სპეციალური სტრუქტურა. პირიქით — ეს ნიშნავს, რომ ინკლუზია აღარც პრიორიტეტია და აღარც მინიმალური ვალდებულება. ვისაც ამ სფეროში ოდესმე უმუშავია, იცის: ეს იყო ერთ-ერთი იშვიათი ბერკეტი, რომელიც პროფესიაზე, ადამიანებზე, შედეგზე ორიენტირებული მუშაობის საშუალებას გვაძლევდა — წინააღმდეგობების მიუხედავად. ახლა კი გაუქმდა სტრუქტურა, რომელიც იცავდა იმ ბავშვებს და მასწავლებლებს, ვისაც ყველაზე ხშირად არ უსმენენ. 2007 წელს ამ გზას როცა დავადექი, ვერ წარმოვიდგენდი, რომ 2025-ში ისევ თავიდან მოგვიწევდა ახსნა, რატომ სჭირდება ქვეყანას ინკლუზიური განათლების ინსტიტუციური მხარდაჭერა. ეს გადაწყვეტილება ერთ სამმართველოს კი არა, ხედვას, ღირებულებებს და მომავალზე ზრუნვას აუქმებს. ეს ნაბიჯი კიდევ ერთი ნაპრალია. ნაპრალი, რომელიც ჩამოშლის ქვეყანას. გაიტანეთ გრენლანდია," - წერს ინკლუზიისა და ადრეული განათლების სპეციალისტი, ცირა ბარქაია. გავრცელებული ინფორმაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო გაცნობებთ – გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ინკლუზიური განათლების სამმართველო გაუქმდა არ შეესაბამება სიმართლეს. სამინისტროს სტრუქტურის ოპტიმიზაციისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, გაერთიანდა სტრატეგიული დაგეგმვისა და ინკლუზიური განვითარების სამმართველო. შედეგად, აქამდე არსებული ინკლუზიური განვითარების სამმართველოს მეტი სტრატეგიული მნიშვნელობა მიენიჭა. აქვე მოგახსენებთ, რომ 2024 წლიდან სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფუნქციები გაფართოვდა და მას ინკლუზიური განათლების კომპონენტი დაემატა. მანდატურის სამსახურში ფუნქციონირებს ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრი, რომელიც ინტენსიურად მუშაობს ინკლუზიური განათლების მხარდამჭერ მიმდინარე და ახალ სერვისებზე, რათა კიდევ უფრო გავზარდოთ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთათვის განათლების მიღების ხელმისაწვდომობა და გავაუმჯობესოთ განათლების ხარისხი. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ინკლუზიური განათლების სისტემის განვითარებაა. ამას მოწმობს 2022-2030 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგია. სამინისტრო აქტიურად აგრძელებს და კიდევ უფრო აძლიერებს ინკლუზიური განათლების განვითარების მიზნით მუშაობას და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას". - ვკითხულობთ განათლების სამინისტროს განცხადებაში.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია