- ივნისი 08, 2026
განცხადება ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის პროექტის მიმდინარეობის შესახებ
- აპრილი 29, 2022
- , პოლიტიკა
2022 წლის 29 აპრილს, ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის განმახორციელებელმა კომპანიამ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მდინარე ბახვისწყალზე დაგეგმილი მცირე ზომის ჰიდროელექტროსადგურის, ბახვი 1 ჰესის პროექტის გზშ-ს განხილვის ფარგლებში, დოკუმენტაციის დამატებითი პაკეტი მიაწოდა. ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის სპეციალისტების მიერ შექმნილი დოკუმენტაციის პაკეტი მოიცავს ყველა იმ კითხვაზე პასუხს, რომელიც გარემოზე ზემოქმედების შეფასების განხილვის ფარგლებში გაუჩნდათ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე სამინისტროს ექსპერტებს. გზშ-ს დოკუმენტი, რომელიც 600-მდე გვერდს მოიცავს, ასევე დოკუმენტაციის პაკეტში არსებული არაერთი დანართი, რიგ შემთხვევაში დაზუსტებებს საჭიროებდა. გზშ-ს ანგარიშის განხილვის პროცესი, მისი ჩაბარებიდან გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებამდე, ითვალისწინებს კითხვა-პასუხის რეჟიმს, რაც თითოეულ დაინტერესებულ მხარეს ანიჭებს შესაძლებლობას ღიად გააჟღეროს მისთვის საინტერესო თემა, მოითხოვოს და მიიღოს მეტი ინფორმაცია პროექტის განმახორციელებელი კომპანიისგან. ეს გზშ-ს განხილვის პროცესში მიღებული პრაქტიკაა, შესაბამისად გამონაკლისს არც ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგური წარმოადგენს. კომპანიის სპეციალისტებმა ამჯერადაც, ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს სამინისტროს, იმისათვის რათა დროულად მოხდეს როგორც მიწოდებული ინფორმაციის განხილვა, ასევე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემა. გზშ-ს დოკუმენტი, შესაბამისი დანართებით, შპს „სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VI“-ის მიერ, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, სამინისტროში წარდგენილი იყო 2021 წლის 20 დეკემბერს, სამინისტროს ვებ - გვერდზე გასაჯაროების თარიღი კი, 2022 წლის 23 დეკემბერია. არსებული კანონმდებლობასთან შესაბამისობაში გზშ-ს ოთხი საჯარო განხილვა ჩატარდა 2022 წლის 10 და 11 თებერვალს ოზურგეთსა და ჩოხატაურში, ასევე მთისპირის და ჩხაკაურას თემებში.