- ივნისი 08, 2026
ფინეთ-ესტონეთის დამაკავშირებელი ელექტროკაბელი დაზიანდა
- დეკემბერი 26, 2024
- , პოლიტიკა
ფინეთსა და ესტონეთს შორის ელექტროენერგიის გადაცემა შეწყდა ბალტიის ზღვაში, წყალქვეშა ელექტროკაბელ Estlink 2-ის დაზიანების გამო. კაბელი 25 დეკემბერს, დღისით გაწყდა. ფინეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ინციდენტი ენერგომომარაგების შეზღუდვას არ გამოიწვევს. ელექტროენერგიის ქსელური გადაცემის ფინური კომპანია Fingrid-ი დივერსიას არ გამორიცხავს. დაწყებულია გამოძიება. ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, რაიონში, სადაც კაბელი დაზიანდა ორი გემი იმყოფებოდა - ჰონ-კონგის დროშით მცურავი Xin Xin Tiang 2 და კუკის კუნძულების დროშით მცურავი Eagle S. ფინეთის პოლიცია სანაპირო დაცვის სამსახურთან ერთად იძიებს კაბელის დაზიანებასთან ამ გემების შესაძლო კავშირსაც. ფინეთის მედიასაშუალებები საზღვაო მონიტორინგის სისტემა MarineTraffic-ის მონაცემებზე დაყრდნობით წერენ, რომ ტანკერი Eagle S რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგიდან ეგვიპტისკენ მიემართებოდა. ბრიტანული გამოცემის, Lloyd's List-ის თანახმად, ეს ტანკერი ნაწილია ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის, რომელიც სანქციების გვერდის ავლით ახდენს რუსული ნავთობის ტრანსპორტირებას. მედიასაშუალებების ცნობითვე, რუსეთთან მჭიდრო კავშირი აქვს მეორე სატვირთო გემის, Xin Xin Tiang 2-ის მფლობელ კომპანიასაც. ვრცლად: რადიო თავისუფლება