შაბათი, ივლისი 18, 2026

“მოვუწოდებთ სამართალდამცავებს, მიიღონ ზომები უკანონო ღონისძიებების მიმართ” -წალენჯიხის მერია


“მოვუწოდებთ სამართალდამცავებს, მიიღონ ზომები უკანონო ღონისძიებების მიმართ” -წალენჯიხის მერია

"არსებული მოვლენების ფონზე წალენჯიხის მოსახლეობის და მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალური პოზიციაა, რომ წალენჯიხაში არ ჩატარდეს საახალწლო ზეიმი და კონცერტი", _ ასე ეხმაურება წალენჯიხის მერია მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით გასამართ ხვალინდელ ღონისძიებას. ისინი კონცერტში მონაწილე პირებს მოუწოდებენ, უარი თქვან მასში მონაწილეობაზე. "არსებული მოვლენების ფონზე წალენჯიხის მოსახლეობის და მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალური პოზიციაა, რომ წალენჯიხაში არ ჩატარდეს საახალწლო ზეიმი და კონცერტი. მიუხედავად იმისა, რომ ყველა შევთანხმდით აღნიშნულზე, ოცნებამ ბოლო მომენტში შეცვალა პოზიცია და გადაწყვიტა წალენიხაში გამართოს კონცერტი. ხაზგასმით ვაფიქსირებთ, რომ არსებული მოვლენების ფონზე, მუნიციპალიტეტის მერია კატეგორიული წინააღმდეგია თვითმარქვია მთავრობის მიერ დაგეგმილი კონცერტის გამართვის. ასევე ასაღნიშნავია, რომ რაიმე სახის ღონისძიებაზე მერიას არ გაუცია ნებართვა და ყველა ღონისძიება რაც გაიმართება ქართულ ოცნების მიერ არის უკანონო. მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ მიიღონ შესაბამისი კანონიერი ზომები უკანონო ღონისძიებების მიმართ. საზოგადოებას მოეხსენება, რომ წალენჯიხამ ახლახანს დაკარგა გამორჩეული ადამიანი, არჩეული მერი, გიორგი ხარჩილავა. ევროპული მომავლისათვის ბრძოლის პროცესში კი ვხედავთ, თუ რამდენი ადამიანია უმოწყალოდ ნაცემი, დასახიჩრებული და უკანონოდ დაკავებული. სწორედ ამ მიზეზების გამო, მოსახლეობამ სამართლიანად ჩათვალა, რომ კონცერტი და ტაშფანდური უადგილოა წალენჯიხაში. სამწუხაროა, რომ ქართული ოცნებისათვის არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს ქართული, მეგრული ტრადიციები და ჯიუტად ცდილობს, მოსახლეობის ნების წინააღმდეგ წასვლას. მივმართავთ ამ კონცერტში მონაწილე ყველა პირს, რომ უარი თქვან მასში მონაწილეობაზე. ვაცხადებთ, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია სოლიდარულია ყველა უკანონოდ დაკავებული პოლიტპატიმრის მიმართ და წალენჯიხელებისათვის ძალიან მტკივნეული და მიუღებელია ქართლი ოცნების ზემოაღნიშნული ნაბიჯი",- წერია წალენჯიხის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ცნობისთვის, ხვალ წალენჯიხაში მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ღონისძიებები იმართება. ღონისძიება გალა კონცერტით დასრუდება, რომელშიც მონაწილეობას ",ღამის შოუს ბენდი” და ანსამბლი,,ფორტე" მიიღებს.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია