შაბათი, ივლისი 18, 2026

“გახდი ვეგანი”, “მეცხოველეობა კლავს”- აქცია პარლამენტთან


“გახდი ვეგანი”, “მეცხოველეობა კლავს”- აქცია პარლამენტთან

თბილისში, პარლამენტის შენობასთან არასამთავრობო ორგანიზაცია "ვეგან ჯორჯიამ" აქცია გამართა Vegan Earth Day March-ის ფარგლებში. ცნობისთვის, აღნიშნული დღე მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში აღინიშნება. "გახდი ვეგანი", "რვაფეხა მეგობარია და არა საკვები", "გააჩერე კლიმატური კრიზისი", "მეცხოველეობა კლავს",_ ეს ის ლოზუნგებია, რითაც გაფორმებული ბანერები აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, ცხოველთა სოფლის მეურნეობა ერთ-ერთი ყველაზე ზიანის მომტანი და მავნე ინდუსტრიაა პლანეტაზე. მრავალრიცხვოვანი გამოქვეყნებული კვლევები აჩვენებს, რომ ხორცისა და რძის პროდუქტების წარმოება და მოხმარება არის წამყვანი ძალა იმ მომაკვდინებელი ეკოლოგიური კრიზისის მიღმა, რომელსაც დღესდღეობით ვაწყდებით. რა არის დღევანდელი აქციის მიზანი - ამის შესახებ "გურია ნიუსი" აქციის ორგანიზატორს, "ვეგან ჯორჯიას" თავმჯდომარეს, ნინო ტურიაშვილს ესაუბრა. "ჩვენი აქციის მთავარი მოთხოვნა და მიზანი ეძღვნება კლიმატური ცვლილების მოქმედებებს, რომელშიც ყველაზე ეფექტური ნაბიჯი არის ადამიანის მიერ ვეგანად გახდომა. ჩვენი მთავარი მოთხოვნა და თხოვნაც არის საზოგადოების მიმართ, რომ მიიღონ ვეგანური კვების ცხოვრების სტილი და ასევე მივმართავთ მთავრობას, რომ ხორცისა და სხვა ცხოველური პროდუქტების ბიზნესის და ზოგადად მეცხოველეობის სუბსიდირება და სხვაგვარი ფინანსური მხარდაჭერა შეწყვიტონ. აგრეთვე სახელმწიფო დაწესებულებებში მოხდეს მენიუების ვეგანიზება, რაც უმთავრეს მოთხოვნას წარმოადგენს საერთაშორისო დონეზე",_ განაცხადა ტურიაშვილმა. კითხვაზე, თუ რას გულისხმობს ვეგანობა და რა ზიანს აყენებს გარემოს ცხოველური პროდუქტების მოხმარება - ტურიაშვილი გვპასუხობს: "ვეგანობა გულისხმობს საკვები რაციონიდან და ზოგადად ცხოვრების სტილიდან ყოველგვარი ხორცპროდუქტების გამორიცხვას და ცხოველის ექსპლუატაციაზე უარს. უმთავრესი მიზეზი არის სწორედ სამართლიანობისა და თავისუფლების იდეა. აგრეთვე, გარემოს დაცვითი კუთხითაც, ცხოველური პროდუქტების მოხმარება ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი არის კლიმატური კრიზისის გამოწვევის, რასაც ვაწყდებით, მაგალითად, ხე-ტყის გაჩეხვაში, ბიომრავალფეროვნების შემცირებაში",_ამბობს ტურიაშვილი.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია