- თებერვალი 12, 2026
„წყალწაღებულის გადარჩენისათვის“
- თებერვალი 23, 2025
- , ახალი ამბები
1964 წელს მსახიობი დოდო აბაშიძე დაჯილდოვდა მედლით “წყალწაღებულის გადარჩენისათვის”. ამის შესახებ ბატონი გიზო ნიშნიანიძე წერდა: “გაზეთ “იზვესტიაში” სათაურით – გენერალური რეპეტიცია – დაიბეჭდა ინფორმაცია, რომელმაც მსოფლიოს ერთ მეექვსედს აუწყა, რომ მაისის წყალდიდობით გადარეულ მტკვარში, არა კინოვარსკვლავის დუბლიორ-კასკადიორი, არა კინოობიექტივის თვალის მოსატყუებლად, არამედ რეალური როლისა და კაცური ვალის აღსასრულებლად ვერის ხიდიდან გადაეშვა ვერის არწივი და მისთვის სრულიად ჩვეული საქმე ქმნა – ადამიანი გადაარჩინა. - რამ გიბიძგათ, ამ გადარეულ მტკვარში გადახტომა, ეს ხომ სიკვდილის ტოლი იყო, - შეეკითხა რუსი კორესპონდენტი. - სამაგიეროდ, ფასი ჰქონდა სიცოცხლეს, - უპასუხა და ღიმილიც ზედ დააყოლა, - ეს არ დაწეროთ, თქვით, რომ ეს იყო გენერალური რეპეტიცია “ზღვის შვილების” გადაღების წინ, სადაც კეთილი მეზღვაურის როლს მაკისრებენ. სცენარით, ამ მეზღვაურმა ზღვაში კაცი უნდა იხსნას და ამაზე ნაღდი გენერალური რეპეტიცია რა უნდა იყოს”.