- თებერვალი 12, 2026
“არჩევნები იყო უპრეცედენტოდ სამაგალითო”
- ოქტომბერი 30, 2024
- , ახალი ამბები
ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თემურ კუტუბიძის ინფორმაციით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში 17 365 ამომრჩეველია რეგისტრირებული. 26 ოქტომბერს, არჩევნებზე გამოცხადდა 11 753 ამომრჩეველი, რაც სრული სიის 67,68% შეადგენს. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, საპარლამენტო არჩევნებში "ქართულმა ოცნებამ" 7 842 ხმა მიიღო, შემდეგი ადგილები ასე გადანაწილდა: "ძლიერი საქართველო _ ლელო" _ 915 ხმა, კოალიცია "ცვლილებებისთვის" _ 851 ხმა, "ერთიანობა _ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" _ 824 ხმა, "გახარია _ საქართველოსთვის" _ 486 ხმა. თემურ კუტუბიძის თქმით, საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ ეტაპზე 7 საჩივარია შესული და მისი განხილვა კანონის ვადებში მოხდება: "დაიწერა სხვადასხვა სახის საჩივრები. მაგალითად, "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელმა დაინახა, რომ ერთ-ერთ ამომრჩეველს საფულეში ჰქონდა დაახლოებით ათამდე პირადობის მოწმობა. ასევე, დაიწერა საჩივარი ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, სადაც ერთ-ერთმა ამომრჩეველმა, რომელიც შშმ პირი იყო, პირადობის მოწმობის გარეშე მისცა ხმა. შეიძლება ითქვას, რომ ეს საჩივრები გავლენას ვერ მოახდენს საბოლოო არჩევნების შედეგებზე", _ აღნიშნა ჩვენთან საუბრის დროს თემურ კუტუბიძემ. მისივე თქმით, ჩოხატაურში კონკურენტუნარიანი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდა: "მე ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ უპრეცედენტოდ სამაგალითო არჩევნები ჩავატარეთ, რომლის მსგავსი ჯერ არ ჩატარებულა. რა თქმა უნდა, ამაში მისი წვლილი შეიტანა ელექტრო ტექნოლოგიებმაც", _ გვითხრა თემურ კუტუბიძემ. [simple-author-box]